კირილე ზდანევიჩი

„არგონავტების ნავის“ ინტერიერის მოხატულობის ფრაგმენტი. 1918 წ.
ხელოვნების ინდისციპლინური კვლევის ლაბორატორია.

„მენშევიზმის დროინდელ ჩემს ბიოგრაფიაში ორ შემოქმედებით მოვლენას გამოვყოფ:
პირველი – კლუბ რესტორან „არგონავტების ნავის“ მოხატულობა, შესრულებული მატისისა და ვან დონგენის სტილით,…ლამაზად და ფერადოვნად”.

კირილე ზდანევიჩი. „მე − მაგონდება“

„არტისტული კაფე, თეატრი-სტუდია „არგონავტების ნავი“ 1918 წლის შემოდგომაზე, ყოფილი „კრუჟოკის“, დღეს რომ „ოფიცერთა სახლს“ ვუწოდებთ, რუსთაველის გამზირის N 16-ში მდებარე შენობის სარდაფში გაიხსნა. მისი კედლები კირილე ზდანევიჩმა, ლადო გუდიაშვილმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს.

„არგონავტების ნავი“, ისევე, როგორც თბილისის სხვა არტისტული კაფეები − „ფანტასტური თბილისის“ ფანტასტიკური ქრონოტოპია, არა მხოლოდ იმ ხელოვნების ხარისხითა და თვისებრიობით, რომელიც მის კედლებში და მის კედლებზე არსებობდა, არამედ როგორც მოვლენა, მთლიანობაში როგორც ფენომენი.

„არგონავტების ნავის“ ამ სივრცეში კოლეგებთან ერთად პირველად 1999 წელს ჩავედით <…> დიდი ავზებით გამოტენილი, თითქმის გავერანებული სარდაფი დაგვხვდა, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა საწყობად, მერე – საქვაბედ. <…> „არგონავტების ნავის“ მოხატულობა იქამდე დაკარგულად ითვლებოდა ან კულტურის საბჭოთა პოლიტიკის მიერ დაკარგულად უნდა ჩათვლილიყო.<…> 1999-2000 წლებში სარდაფის მფლობელების მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს კედლების შელესილობა ჩამოიფხიკა და მხატვრობის უდიდესი ნაწილი დაიღუპა. მაშინ, კედლის ფართობის დაახლოებით 20 კვ. მ-ზე მხოლოდ კირილე ზდანევიჩის მოხატულობის უკვე ძლიერ დაზიანებული ნაწილი გადარჩა. წლების განმავლობაში მრავალი მცდელობის შემდეგ, როდესაც მხატვრობის რესტავრაცია საბოლოოდ დაიგეგმა, სწორედ მაშინ, 2018 წლის მარტს, მოულოდნელად ირკვევა, რომ მოხატულობა აღარ არსებობს.

კირილე ზდანევიჩის „არგონავტების ნავის“ მხატვრობის შესახებ ახლა მხოლოდ ფოტოების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, ისიც მხოლოდ ვარაუდით, არსებულისა და წარმოდგენითის სიმულაციას არცთუ მოკლებულ ზღვარზე.“

– თეა ტაბატაძე. ამონარიდი ტექსტიდან: „თეატრ-სტუდია არგონავტების ნავი და კირილე ზდანევიჩის არგონავტიკა“.