ტაუს მახაჩევა

სუპერ ტაუსი, 2014

ვიდეო, 2 წუთი და 16 წამი

სუპერ ტაუსი ტაუს მახაჩევას სუპერ გმირი ალტერ ეგოა, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც ხელოვანმა სუპერ ზოჰრაბი, ირანელი სუპერ გმირი გაიცნო. სუპერ ტაუსი დაღესტანში, ტსადას მთის მახლობლად მდებარე სოფელში ცხოვრობს. ის თავის ძალას ყოველდღიური გმირობებისთვის ისე იყენებს, როგორც ეს ამ ვიდეოშია ასახული. სუპერ ტაუსის აზრით, მისი ქმედებები ცხოვრებას აზრს აძლევს. მახაჩევას აღწერით „ის ბავშვის ფანტაზიას ჰგავს. ეს იმ ქალის ოცნებაა, რომელიც პატრიარქალურ საზოგადოებაში გაიზარდა და ცხოვრობს“.

ტაუს მახაჩევა მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. ის უპირველეს ყოვლისა თავისი პერფორმანსებითა და ვიდეო ნამუშევრებითაა ცნობილი. მახაჩევა კრიტიკულად შეისწავლის იმას, რაც სხვადასხვა კულტურებისა და ტრადიციების ერთმანეთთან დაკავშირებისას ხდება. Მისი ხშირად იუმორისტული ნამუშევრები დღევანდელ სამყაროში არსებული გამოსახულებების, ობიექტებისა და სხეულის სხვადასხვაგვარ აღქმას სწავლობს. მახაჩევას ნამუშევრები ყოველთვის რაიმე ამბავს ან მისთვის გაზიარებულ გამოცდილებას ეფუძნება, რომლის ნარატივიც მოგვიანებით კიდევ უფრო ფართოვდება.

ტაუს მახაჩევამ გოლდსმითის უნივერსტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამა დაამთავრა (2007). ის ასევე სწავლობდა მოსკოვის  თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში (ახალი სტრატეგიების პროგრამა, 2009) და ფლობს ხელოვნების სამეფო კოლეჯის ნატიფი ხელოვნების მაგისტრის ხარისხს (Royal College of Art, 2013).

მახაჩევას მიღებული აქვს შემდეგი პრიზები: “New Generation – Innovation” სახელმწიფო ჯილდო (მოსკოვი, 2012);  “Future of Europe”, ლაიფციგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (2014); მოსკოვის მე-6 ბიენალეს თანამედროვე ხელოვნების ფონდის პრიზი (მოსკოვი, 2015); კანდინსკის პრიზი (მიიღო როგორც სუპერ ტაუსმა, მოსკოვი, 2016); Cosmoscow-ის წლის ხელოვანის ჯილდო, თანამედროვე ხელოვნების Cosmoscow-ის ფონდი (მოსკოვი, 2018). მახაჩევა მონაწილეობდა შემდეგ გამოფენებში: მოსკოვის ბიენალე (2011), შარჟას ბიენალე (2013), კიევის ბიენალე (2015), შანხაის ბიენალე (2016), რუსეთის თანამედროვე ხელოვნების გარაჟის ტრიენალე (2017), ვენეციის ბიენალე (2017), ინჩუანის ბიენალე (2018), მანიფესტა 12 პალერმოში (2018), ლივერპულის ბიენალე (2018), თანამედროვე ხელოვნების რიგის საერთაშორისო ბიენალე (2018), ლიონის ბიენალე (2019), კაუნასის ბიენალე (2019), ლაჰორის ბიენალე (2020), იოკოჰამას ტრიენალე (2020). მისი ნამუშევრები ინახება ონტარიოს ხელოვნების გალერეაში (ონტარიო); პ. ს. გამზატოვას სახელობის დაღესტანის ხელოვნების მუზეუმში (მახაჩკალა), პომპიდუს ცენტრში (პარიზი), გაზპრომბანკში (მოსკოვი), ლაიფციგის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში, KADIST-ის ხელოვნების ფონდში (პარიზი, სან ფრანცისკო), ლოს ანჟელესის ოლქის ხელოვნების მუზეუმში (ლოს ანჟელესი), ლუი ვიტონის ფონდში (პარიზი), მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი), ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ ცენტრში, პუშკინის მუზეუმში (მოსკოვი), შარჟას ხელოვნების ფონდში (შარჟა), Tate Modern-ში (ლონდონი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), უპსალას ხელოვნების მუზეუმში, Van Abbemuseum-ში (ეინდჰოვენი), Vehbi Koç-ის ფონდში (სტამბული), Videoinsight-ის ფონდში (ტურინი), ფონდში Yarat-ი (ბაქო).