იოანნა წულაია

რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არის, 2020

სამშენებლო ბადე, პოლიეთილენის პარკები

ყოველდღიურობაში  უამრავი ფუნქციადაკარგული  ნივთია.

ჩემს სახლთან ახლოს მუშებმა სამშენებლო ბადე  ხეებს შორის გააბეს. რამდენიმე დღეში სტაფილოსფერ ბადეებს ქარი დროშასავით აფრიალებდა. ფუჭად გამოყენებული ბადე ვიჩუქე. სახელოსნოში გროვად დადებული რამდენიმე მეტრიანი ნაქურდალი თავიდან შემოდგომის ფოთლებს ჰგავდა. დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ემსგავსებოდა იმ ქალაქის სახეს, რომელსაც მუდმივად აშენებენ, მუდამ ხმაურშია ჩაძირული და სადაცაა სიბინძურე შთანთქავს.

ბავშვობაში დედა მეუბნებოდა, ნაგავი ქუჩაში არ დამეყარა da მეც იქამდე ვიგროვებდი ჯიბეებში, სანამ ურნას არ ვნახავდი.

ბოლო პერიოდში ჩემს ყურადღებას ის სიბინძურე იქცევს, რომელიც გარემომ შეისისლხორცა. მაღიზიანებდა და ვაპროტესტებდი, რომ ადამიანები ნაგავს ქუჩაში ყრიან, გამონაბოლქვის სუნს ხანდახან  ნაგვის სუნი ემატება და მეეზოვე ყოველ დილას ფოთლებს კი არა, ვიღაცის დაყრილ პოლიეთილენის პარკებს, ბოთლებს ან “ბიჩოკებს” გვის, როცა არსებობს ნაგვის ურნა… ხის კენწეროზე მოფრიალე ან პოლიეთლენის მფრინავი პარკი დიდი ხანია აღარავის უკვირს. ბავშვობიდან  ვეტრფოდი ბებიაჩემის „ბაზრის ნაქსოვ ჩანთებს“ და მოწნულ კალათებს; მიკვირდა იმ ადამიანების, ვინც ფერად და ნახატებიან ცელოფნებს რუდუნებით აგროვებდნენ და კოლექციონერებად იქცეოდნენ. ყველაზე მეტად ის მიკვირდა, როგორ შეიძლება ვინმე პარკების კომპანიის ერთ-ერთ ოთახში იჯდეს და იმაზე ფიქრობდეს, კომპანიამ რა ფერის ცელოფანი გამოუშვას. ნამუშევრის კეთების პროცესში ხშირად ვსტუმრობდი სადგურის ბაზრობას, ბითუმად ვყიდულობდი პარკების შეკვრებს, ვარჩევდი ფერებს. მყავს საყვარელი მოხუცი გამყიდველი და მაქვს საყვარელი ფერის პარკები. აღმოვაჩინე, რომ შავი პარკი უხარისხოა, თეთრი კი ყველაზე ხარისხიანი, ცელოფნის ფერები კი სეზონების მიხედვით გადის ბაზარზე.

სამშენებლო ბადე და პოლიეთილენი ჩემთვის იმ გარემოს გამოსახულებაა, რომელშიც ყოველ დილით ვიღვიძებ და მთელი დღე ჯიბით დავატარებ ნაგავს.

იოანნა წულაია (დაიბადა 1998 წელს) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2017 წლიდან სწავლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VA[A]DS-ში ფერწერის განხრით. მას მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში: სულახალია 2 (Window Project 2019), VA[A]DS-ი ქუთაისში (2019), VA[A]DS-ი მაუდში (თბილისი, 2020), Oxygen (2018).